Wednesday, November 18, 2020

დილეტანტის მოსაზრებები


არის და არც არის.


#1 არ არის, თუ გულშემატკივართა რაოდენობით ვიმსჯელებთ. ამ თვალსაზრისით ჩვენ არ ვართ სარაგბო ქვეყანა: რაგბის გულშემატკივრები თავისუფლად ვეტევით ავჭალის კოპწია სტადიონზე (როგორც იყო, მაგალითად, სამოასთან შარშანწინ). ბევრი მეგობარი მყავს, ხნიერი თუ ახალგაზრდა, რომელსაც , რა თქმა უნდა, ნაკრების წარმატება აღელვებს, მაგრამ ნაკრების თამაშს არ ან ვერ უყურებს. შიდა ჩემპიონატის თამაშებს სტადიონზე და ონლაინ 200 -300 კაცი ადევნებს თვალს. ამის ახსნა ძალიან მარტივია. წარმოიდგინეთ (საკმაოდ ძნელი კია) კაცი, რომელსაც ცხოვრებაში ფეხბურთის ბურთი ერთხელაც არ უკოტრიალებია. ცხადია, რომ დიდი ალბათობით ეს კაცი ფეხბურთის გულშემატკივარი ვერ იქნება. ახლა ის წარმოვიდგინოთ, რამდენ კაცს სჭერია ხელში რაგბის ბურთი ჩვენში და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. (რუსეთთან სტადიონის გავსება სულ სხვა რამის საზომია და არა რაგბის სიყვარულის). ამდენად, რაგბის მოთამაშეთა და გულშემაკივართა "ბაზა" ერთობ მწირია. ამას არსებითად ვერ ცვლის უკანასკნელ წლებში ორგანიზებულ (მათ შორის ბავშვთა) რაგბიში ჩართულთა რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა, რაც თავისთავად სასიხარულო მოვლენაა.(სრულიად განცალკევებით დგას მშვენიერი სქესის გულშემატკივრობის იდუმალი ფენომენი, რომელიც ახსნის ამ სქემაში არ ჯდება)

#2 არის, რადგან ესოდენ "მწირი მასიურობის" ფონზე საქართველოს ნაკრებთა (ყველა ასაკოვან ნაკრებს ვგულისხმობ) მიღწევები და პოზიციები ფენომენალური და აუხსნელია. გაოცებას იწვევს ბოლო დროს "რეგრესზე" გაუთავებელი და უსაფუძვლო ლაპარაკი არა მარტო მოყვარულებს, არამედ პროფესიონალებს შორისაც. ესაა რეალური შესაძლებლობების დაუნახაობა და გაუთვალისწინებლობა ჩვენის მოკლე ჭკუით. ნაკრები დღემდე სტაბილურად ამარცხებს ჩვენზე ბევრად უფრო ფართო სარაგბო ბაზის მქონე ნაკრებებს ( ტონგა, სამოა, აშშ, კანადა), აღარაფერს ვამბობ U-20 -ის შედეგებზე, რომელიც 12-ში მკვიდრად დაიკავა ადგილი და პანტა-პუნტით ამარცხებს ტიერ-1-ის გუნდების ნაწილს. რეგრესის ამ ყალბ თეორიას მხოლოდ და მხოლოდ ორი გუნდის, ფიჯის და იაპონიის წარმატებული თამაში ჰკვებავს. ფიჯის ნაკრები (7-კაცას მსოფლიო ჩემპიონი) სრულიად არასწორადაა მიკუთვნებული ტიერ-2 -ს. ფიჯის პოტენციურად ნებისმიერი ნაკრების დამარცხება შეუძლია. გავიხსენოთ თუნდაც ორიოდ წლის წინ პარიზში განადგურებული საფრანგეთის ნაკრები, გადავხედოთ მოწინავე ლიგებში მოთამაშე კუნძულელთა რაოდენობასა და ხარისხს და მივხვდებით, რომ ფიჯისთან დამარცხებისთვის ნაკრების გამოსვლის "ჩავარდნად" შეფასება ან უცოდინარობაა, ან უსაფუძვლო ყოყლოჩინობა. რაც შეეხება იაპონიას, პირადად მე მიმიფურთხებია ასეთი წინსვლისთვის, როდესაც ქვეყანა, რომელიც ასიოდე წლის წინ ისე უფრთხილდებოდა საკუთარ თვითმყოფადობას, რომ უცხოელს არ იკარებდა, სასტარტოში 8 გადამთიელით იწყებს და U-20 -ც კი "ნატურალებით" გაავსო (იმიტომაც არ ათრიეს ჩვენებმა უკანალით). ასეთი "პროგრესის" მოსურნეთა ხმა ჩვენშიც ისმის კანტი-კუნტად და რიხიანობას უსახსრობით მისი განუხორციელებლობა ართმევს და არა ზოგადი მიუღებლობა (უცხვირპიროდ და უმადლოდ გაშვებული მილტონ ჰეიგი, სხვა არა იყოს რა, მაგიტომაა დასაფასებელი, რომ მოსვლისთანავე უარყო მსგავსი შეთავაზებები:  ეგ ჩვენი გზა არ არის, ჩვენ ჩვენი გავზარდოთო.)

#3 "რეგრესის" არარსებობაზე თუ შევთანხმდებით, ისიც უნდა ითქვას, რომ ტიერ-1 გუნდების დონესთან სასურველ და საოცნებო მიახლოებასაც ვერ ვხედავთ. როგორც ჩანს, დღევანდელი დონე ის მაქსიმუმია, რომლის საშუალებასაც არსებული "ბაზა" (+ მოთამაშეთა ნიჭიერება, მონდომება, თავგანწირვა) იძლევა. ესაა დილეტანტის თვალით გარედან დანახული მდგომარეობა.

#4 ახლა მთლად გავთავხედდეთ და წინსვლის შემაფერხებელ გარეგნულ ნიშნებზეც ვთქვათ ორი სიტყვა (შინაგანი სამზარეულო ჩვენთვის სრულიად უცნობია და იქ მიმდინარე მოვლენებს ვერანაირად ვერ შევაფასებთ). U-20 რაც 12 გუნდში დამკვიდრდა, სტაბილურად იძლევა ტიერ-1-ის შესადარისი დონის კონკურენტუნარიან გამოსავალს (მადლობა ყველას, ვისაც ამაში წვლილი შეაქვს). მგონი აქაა "ვიწრო ყელი" - ამის შემდეგ მოთამაშეთა შემდგომი წინსვლა ნელდება, ან საერთოდ ჩერდება. ეს მოვლენა განსხვავებული ხარისხით ვლინდება პოზიციების მიხედვით - ყველაზე ნაკლებად ეხება პირველი ხაზის მოთამაშეებს, უფრო მეტად - შერკინების სხვა პოზიციებს, განსაკუთრებულად კი ხაზის მოთამაშეებშია შესამჩნევი. აქ უსათუოდ საფრანგეთის ლიგების (TOP 14, Pro D2) გავლენა იგრძნობა, რომლებიც, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ქართული რაგბის უმაღლესი დონის ძირითადი (თუ ერთადერთი არა) მასაზრდოებელი წყაროა. მრავალი მიზეზის წყალობით ქართველი პირველხაზელი აქ "ბრენდია," ამიტომ ბევრი ისეთი მოთამაშე პირველხაზელია, რომელთაც ნაკლებად იცნობს თვით სარაგბო საზოგადოება. ფრთის მოთამაშეებისათვის თავის დამკვიდრება ამ და სხვა ლიგებში ბევრად უფრო რთულია. ისინიც კი, ვინც იქამდე აღწევს, მწირი სათამაშო დროით სარგებლობენ, რაც ზრდას უსათუოდ აფერხებს. ვფიქრობ, ამის უარყოფითი უკუკავშირი ბავშვთა რაგბიმდეც კი აღწევს. გამოსავალისა რა მოგახსენოთ - პირველ რიგში ალბათ თავად მოთამაშეთა გაორმაგებულ შრომას, მოთმინებასა და ძირითადში თავის დამკვიდრების ენერგიულ მცდელობაშია. "ქართველი კარგი ბურჯია" სტერეოტიპი უნდა გაფართოვდეს.
ბევრს საუბრობენ "ფრანშიზაზე," როგორ პანაცეაზე, მაგრამ ჩვენი სარაგბო "ბაზის" პირობებში ეგ განუხორციელებლად მეჩვენება და არა მარტო ფინანსური და სხვა გარეგნული, არამედ უფრო შინაგანი მიზეზების გამო: თუ საკუთარ სახლში არ გყავს მაყურებელი (რამდენი კაცი დაესწრო თბილისში პირველად ჩამოსულ ტიერ-1 გუნდის თამაშს?), ძნელია უცხო მაყურებლის იმედად იყო.
 

სარაგბო ქვეყნებში რაგბის მასიურობას (ვიმეორებ - ჩვენში არარსებულს), რამდენადაც ვიცი, სასკოლო და საუნივერსიტეტო რაგბი განაპირობებს. ჩემს ახალგაზრდობაში (60-70-იანი წლები) საქართველოში რაგბი პირწმინდად სტუდენტური სპორტი იყო. ახლა ეს ელემენტი, რამდენადაც ვიცი, მკვდარია. (კარგ საქმეს აკეთებს ამ მხრივ ლევან ვასაძე, რომელსაც თავის სკოლაში რაგბი სავალდებულო დისციპლინად აქვს დაწესებული). რამდენადაა შესაძლებელი მისი გაცოცხლება? თავისთავად ძალიან ფასეული შედეგის გარდა (აღარ შევუდგები სარაგბო ფასეულობებზე და ცხოვრების ჯანსაღ წესზე სრულიად ზედმეტ ლაპარაკს), იქნებ აქ იყოს შემდგომი წინსვლის ნელი, მაგრამ შედეგიანი და წაუგებელი გზა.
 

 

No comments:

Post a Comment